მისის რენსომის კვალდაკვალ

წარმოიდგინეთ, რომ გაგქურდეს. ანუ ერთ დღეს ბრუნდებით თქვენს კეთილმოწყობილ სახლში და ის ცარიელი გხვდებათ. უბრალოდ გაქურდული კი არა, ცარიელი: არც ავეჯი, არც ის, რასაც ამ ავეჯში ინახავთ, არც ჭაღი, არც ფარდები და თქვენ წარმოიდგინეთ, ტუალეტის ქაღალდიც კი არ ჰკიდია საპირფარეშოში… წარმოსადგენად იოლია, მაგრამ გასაცნობიერებლად?..

*****

სწორედ ასეთი სურათი დახვდათ შინ დაბრუნებულ მისტერ და მისის რენსომებს, ინგლისელი მწერლის ალან ბენეტის პატარა რომანის „The Clothes They Stood Up In“ გმირებს, როდესაც ერთ დღეს თეატრიდან დაბრუნდნენ. ამ გაუგებრობამ კი სამუდამოდ შეცვალა მისის რენსომის არაფრით გამორჩეული ცხოვრება.

*****

ვუბრუნდებით წარმოდგენაში დახატულ სურათს: თქვენს მიერ გამოძახებული პოლიცია თავის საქმეს გააკეთებს და წავა. ხმაუზე შემოსული მეზობლებიც წაივიშვიშებენ და თავიანთ ბინებში დაბრუნდებიან. დარჩებით თქვენ და აღმოჩნდება, რომ თქვენი წლობით ჩამოყალიბებული, უკვე ჩვევაში გადასული ცხოვრება სავსებით შეიცვალა: სკამი არ დგას ჩვეულ ადგილზე (თუნდაც, უჩვეულოზე), რომ ჩამოჯდეთ, არც საწოლია საძინებელში, რომ ღამით დაწვეთ, ჭიქაც კი არაა, წყალი რომ დალიოთ… მოკლედ, თქვენს გარშემო ჩვეული კომფორტი აღარ არსებობს.

ამის მერე სიტუაციის შესაძლო განვითარების ორი ვარიანტი გაქვთ: თქვენ ან ჩვეული ცხოვრების აღდგენას იწყებთ: ყიდულობთ იმავე ან მსგავს ნივთებს, აგრძელებთ წლობით დახვეწილ ქმედებებს და ურთიერთობებს. ან იწყება მეტამორფოზა: ტოვებთ ყოველდღიურობის, ჩვეული გარემოს ჩარჩოებს და იწყებთ „მოგზაურობას“. მოგზაურობას არა პირდაპირი გაგებით (თუმცა, არც ესაა ცუდი ვარიანტი), არამედ მოგზაურობას საკუთარი ვიწრო სამყაროს გარეთ. ჯერ მცირედით დაიწყებთ: აღმოაჩენთ, რომ შეგიძლიათ შეიძინოთ  კომფორტული სარწეველა, რომელიც ყოველთვის მოგწონდათ, მაგრამ თქვენი ბინის კლასიკური ავეჯის სტილს არ უხდებოდა. მერე აღმოაჩენთ, რომ თქვენი მაღაზიისგან მოშორებით არანაკლები სავაჭრო ობიექტებია, სადაც  კეთილი არაბი გამყიდველები არიან, რომლებიც კარგ რჩევასაც მოგცემენ პროდუქტის აჩევისას და ნაყიდ ნივთებსაც სახლში შვილის ხელით გამოგიგზავნიან. თანდათან შეამჩნევთ, რომ ცხოვრება გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, ვიდრე თქვენი ადრინდელი მოსაწყენი, კომფორტს ამოფარებული ყოველდღიურობა იყო (იუმორის გრძნობაც თუ წამოგეშველებათ, ხომ უკეთესი)…

ასეთი „მოგზაურობის“  შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას ვერაფრით დაუბრუნდებით, თუნდაც აღმოჩნდეს, რომ თქვენი ნივთების საოცარი გაუჩინარება უბრალო გაუგებრობა და სასაცილო შეცდომა ყოფილა და ყველაფერი, უკლებლივ, უკან დაგიბრუნდათ. ძველი ცხოვრება უბრალოდ გაუსაძლისის გახდება  ე.ი. თქვენც შეიცვლებით.

თუმცა, მაინცადამაინც სახლი უნდა დაგვიცარიელოს ვინმემ, საკუთარი ჩაკეტილი სამყაროს კარი რომ გავაღოთ და ცხოვრებაში გავიდეთ?… ამგვარი ჯაჭვური რექციის გასაშვებად კარგი წიგნიც საკმარისია.

სახეები ძველი ფოტოებიდან

ფოტოები, რომლებიც  რუსულ საიტებზე “ვიპოვე”, მე-19 საუკუნის ბოლოსაა გადაღებული და როგორც ჩანს, ძირითადად ეთნოგრაფიული მასალას წარმოადგენდა, რადგან ფოტოზე გამოსახულ ადამიანებს ვინაობა არ აქვთ მითითებული, მხოლოდ მათი წარმოშობის ადგილის მიხედვით არიან დაფიქსირებული.

აჭარელი

Continue reading »

ისტორიაში დაკარგული ადამიანები

Tags

,

ისტორია ორი მიზეზით მიყვარს: ერთი – წარსულში მომხდარის შესახებ გაგება აწმყოს გააზრებაში მეხმარება და მეორეც, თუ კარგად ჩავუკვირდებით, ისტორიის ვრცელ და ზოგად ნაკადში ცალკეული ადამიანების, ცალკეული ცხოვრების დანახვა შეიძლება. ცნობილი ადამიანები, მეფეები და მხედართმთავრები არ მყავს მხედველობაში. ისინი ისტორიის მამოძრავებლები არიან და მათ შესახებ  ხშირ შემთხვევაში უმცირესი დეტალებიც ცნობილია.

მე პატარა, ჩვეულებრივი ადამიანები მაინტერესებს, რომელთა ცხოვრებამ ისტორიისთვის  შეუმჩნევლად ჩაიარა. ეს ადამიანები მასას ქმნიდნენ, მაგრაც რაღაც მომენტში თითქოს შესძლეს „ამოყვინთვა“ და როგორც ძველ ფოტოებშია, მათი სახეები სადღაც წამიერად დაფიქსირდა. უმეტესად – ძველი მოგზაურების ჩანაწერებში.

სწორედ ამიტომ მიყვარს ამ სამოგზაურო წიგნების კითხვა. მხოლოდ აქ ვნახულობ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი და სამუდამოდ დავიწყებული ადამიანების კვალს. სამწუხაროდ, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის წყაროები მხოლოდ მთავარ მოვლენებზე და მონაწილეებზე მოგვითხრობენ, რომელთა გვერდით პატარა, ისტორიისთვის უმნიშვნელო ადამიანების ადგილი აღარ რჩებოდა.

ქრისტოფორო დე კასტელის ალბომი ამ მხრივაც დიდი განძია – ათვალიერებ და დიდი ხნის წინ გარდასულ ადამიანებს ნახულობ. აქ მხოლოდ რამდენიმე მათგანის პორტრეტია:

1.

პოეტი ქალი ეომინიჯა ბერიძე – გურიის ერთ-ერთი თავადის მეუღლე, პოეტი ქალი, რომლის ლექსებს დღემდე არ მოუღწევიათ. მხოლოდ კასტელის ჩანაწერებში არსებობს ცნობა მის შესახებ. ის იტალიელ მისიონერებს მფარველობდა, უწერდა მათ მეფეებთან და მთავრებთან წარსადგენ წერილებს. კასტელს აღნიშნული აქვს, რომ ”ეს ქალბატონი დედობას მიწევდაო”. 

Continue reading »

Note 3. „ვიწრორეგიონული“ პროტესტი

ვკითხულობ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, ან თუნდაც არაყვითელ ჟურნალებს და არ მტოვებს შეგრძნება, რომ განსახილველი თემები არასოდეს სცილდება თბილისს. არ მიყვარს ვიწრორეგიონული საუბრები, მაგრამ ამ ბოლო დროს პროტესტის გრძნობა გამიჩნდა ამ ჩაკეტილობის მიმართ.

ლიტერატურა რომ მხოლოდ დედაქალაქის თემატიკით,  მისი სტილით ან ინტერესებით შემოიფარგლება, არ ახალია. ყველა თანამედროვე ქართველი მწერლის ნაწარმოებები მხოლოდ დედაქალაქის ცხოვრების ასახვას, პერსონაჟები კი თბილისისთვის დამახასიათებელი ლექსიკის მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებს არ არღვევს. თბილისური პროზა – ასე ჰქვია თანამდროვე ქართულ მწერლობას, ყოველ შემთხვევაში იმას, რასაც დღევანდელი მეინსტრიმი ქმნის.

რაც შეეხება ჟურნალისტიკას: არაყვითელ გამოცემებში ძირითადად “ცხელ შოკოლადს”, “ლებერალს”, „ტაბულას” ვგულისხმობ, ანუ იმ გამოცემებს რომლებსაც ვკიხულობ და სხვებზე თავს ვერ დავდებ. ნუთუ დედაქალაქის გარეთ, მთელს საქართველოში არსად მოიძებნება საინტერესო ადამიანი, ხელოვანი ან მეცნიერი რომლის ისტორიის გაშუქება ღირს, რომლის ამბავი საზოგადოებრივად საინტერესოა, რომელსაც სათქმელი აქვს და მისი სათქმელი ღირებულია სხვებისთვის. 4  წელია ყოველთვიურად ვყიდულობ „ცხელ შოკოლადს“ და მართალი გითხრათ, ვერ ვიხსენებ გამონაკლისს.

მადლობას გეტყვით, თუ შემახსენებთ.

მე-17 საუკუნის მეგრული სამზარეულო

Tags

, , , , , ,

იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის წიგნში „სამეგრელოს აღწერა“ ხშირად გვხვდება ცნობები მე-17 საუკუნის სამგრელოს კვებითი კულტურისა და სამზარეულოს შესახებ. მათი დახმარებით  იმდროინდელი კულინარიის შესახებ  დაახლოებით წარმოდგენას მაინც შევიქმნით.  ადგილობრივ სამზარეულოს, ჭამის კულტურასა და ჩვეულებებს „სამეგრელოს აღწერაში“ მთელი თავი ეთმობა (მე-8 თავი – „პურის-ჭამა და წვეულობა“). ამ პოსტში ყურადღებას მხოლოდ საკვებზე შევაჩერებ.

მიუხედავად ვრცელი ნაშრომისა, ლამბერტი არსად ახსენებს და აღწერს რომელიმე კერძს, გარდა შემწვარი ან მოხარშული ხორცეულისა. ისეთი წარმოდგენა შეიძლება შეგექმნას, თიტქოს მაშინდელი კულინარია მხოლოდ მარტივად მომზადებული კერძებისგან შედგებოდა. არადა ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ დროინდელი სამზარეულოს გაცნობა და ჩვენი წინაპრების კვებითი გემოვნების შესახებ უფრო ბევრის გაგება. მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი პროდუქტი, რომელიც დღეს ფართოდ გამოიყენება ჩვენს კერძებში, მაშინ საერთოდ არ იყო  გავრცელებული საქართველოში.

Continue reading »

Note 2. როგორ შევაყვაროთ კითხვა

როგორ შეიძლება  ბავშვს კითხვა შევაყვაროთ? ეს კითხვა ხშირად გამიგონია და ვფიქრობ,  ერთი გამზადებული რეცეპტი მის მისაღწევად არ უნდა არსებობდეს. თუ ბავშვისთვის (უფრო გლობალურად კი – ზოდად ადამიანისთვის) კითხვის პროცესის შეყვარების შესახებ მეცნიერულ  მსჯელობამდე მივა საქმე, საკითხი, ალბათ, ფსიქოლოგების მონაწილეობით უნდა გადაწყდეს. თუმცა მეც მიფიქრია ამ საკითხზე და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორიც შემიმჩნევია, რომლებიც უკანასკნელ როლს არ თამაშობენ   კითხვის შეყვარებაში. ჩემი აზრით, სასურველი შედეგის მისაღწევად, ერთი რუსული გამოთქმისა არ იყოს, „გარემოებათა ბედნიერი თანხვედრა“ არის საჭირო.

გარემოება 1. თანდაყოლილი და შემდგომში განვითარებული ცნობისმოყვარეობა

ალბათ, ნებისმიერი ადამიანს, რომელიც მენტალური დარღვევების გარეშე იბადება, გარემოსადმი ცნობისმოყვარეობა თან დაჰყვება. ბავშვს ყველაფერი აინტერესებს და ამ ინტერესის დაკმაყოფილების პარალელურად ხდება მისი პიროვნებად ფორმირება. ხშირად პატარების მიერ დასმული შეკითხვებით თავმობეზრებული მშობლები  ან თავს არიდებენ მათ, ან ცდილობენ საერთოდ თავიდან მოიშორონ და ყურადღება სხვა რამეზე გადაუტანონ ბავშვებს. ტელევიზორი კი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა და კითხვებზე პასუხები ძიების პროცესი ტელევიზორის ყურების პრიმიტიულმა  სურვილმა არ დათრგუნოს. ტელევიზორით მოწოდებული ინფორმაცია კი, როგორც წესი, ტვინის ხვეულების განვითარებას ხელს არ უწყობს. ამგვარად კითხვა, უკვე მოგვიანებით, ბავშვისთვის თავისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებად იქცევა.

Continue reading »

XVII საუკუნის ქართველი ქალის პორტრეტი

Tags

, , ,

ცოტა ხნის წინ წიგნის მაღაზიაში არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერის“ ახალ გამოცემას წავაწყდი (რა თქმა უნდა, ხელიდან ვერ გავუშვებდი). შუა საუკუნეები და მისი მომდევნო ეპოქა ჩემთვის ყველაზე საინტერესო პერიოდია.

არქანჯელო ლამბერტი – იტალიელი ბერი, რომელიც მე-17 საუკუნის 30-40-იან წლებში საქართველოში, უფრო ზუსტად – სამეგრელოში ცხოვრობდა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ „სამეგრელოს აღწერა“  დაწერა. ლამბერტის ჩანაწერები ძალიან საინტერესოა იმ არეული პერიოდის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. მით უმეტეს, ამ დროის ქართული წყაროები ძალიან ცოტაა. ევროპელი მოგზაურების და მისიონერების ჩანაწერებიდან ვიგებთ მე-17 საუკუნის ამბებს და ამ დროს მცხოვრები ქართველი მხატვრებისა და პოეტების შესახებ, უფრო სწორად – მხოლოდ მათ სახელებს, რადგან არც ნახატები და არც ბევრი მათგანის ნაწარმოებები საერთოდ არ შემორჩენილა. Continue reading »

Note 1. „თანაკლასელები“ (“Одноклассники”)

Tags

,

პროვოკაციულად დავიწყებ: ამ ბოლო დროს, წაკითხული  უცხოური ლიტერატურიდან (მათ შორის ინტერნეტში ან Иностранная литература-ში წაკითხული ნაწარმოებებიდან) შთაბეჭდილება მრჩება, რომ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში მთავარი თემა ებრაელები (ებრაელი პერსონაჟები, მათი და მთელი ერის ბედი, სხვადასხვა ეპოქაში განხორციელებული ძალადობა, ჰოლოკოსტი და ა.შ.) არიან.

ეს ტენდენცია, ალბათ, მეოცე საუკუნის მთავარი ისტორიის ჯერ კიდევ მიმდინარე გააზრების პროცესის შედეგია – მეორე მსოფლიო ომის საშინელებების ანალიზი თითქმის 7 ათწლეულის შემდეგაც აქტუალურია. მეორეს მხრივ, თავს იმ ფიქრზეც ვიჭერ ხოლმე, რომ ეს (რაც არ უნდა არაპოლიტკორექტულად ჟღედეს)  ევროპელი ინტელექტუალების დაუსრულებელ თვითგვემას ჰგავს და ცოტა მომაბეზრებელიც არის. მაგრამ იქვე მახსენდება, რომ ომების, გენოციდების, განსხვავებულისადმი შეუწყნარებლობის მაგალითები მეოცე საუკუნის შუა წლების შემდეგ არათუ არ შემცირებულა, არამედ ადამიანები (მასაში) საერთოდაც არ გახდნენ უფრო გონიერი.

ცოტა ხნის წინ ერთი პოლონელი მწერლის თადეუშ სლობოძიანეკის პიესა „თანაკლასელები – ისტორია 14 გაკვეთილად“ წავიკითხე, რომელიც რამდენიმე მიზეზითაა საინტერესო:

Continue reading »

ნოსტალგიური „კოლორიტები“

Tags

, ,

„ – მანქანით წავიდეთ ერთად, – მიაძახა ოტიამ ქალიშვილს.

 -  ფეხით წავალ, მეჩქარება! – მოგვესმა პასუხად და ასმათმა სიჩქარეს უმატა“.

გელა ჩქვანავა, „დარეჯან კვარაცხელიას შურისძიება“

კარგა ხანია ამ პოსტზე ვფიქრობ და ფორმა ვერ მოვუძებნე. მაინც მინდა დავწერო:

წიგნები, რომლის ერთ-ერი მთავარი გმირი ქალაქია, იშვიათობა არ არის. სოხუმში არასოდეს ვყოფილვარ. არც იქაურთან მქონია ურთიერთობა. ამ ქალაქზე ერთი მწერლის – გელა ჩქვანავას „კოლორიტებიდან“ შემექმნა წარმოდგენა.

აქ არის ერთი პატარა ზღვისპირა ქალაქი, რომელიც ზაფხულში ხალხით ივსება, მაგრამ არც სხვა დროს არის გაყინული – როგორც ზღვა, რომელიც მთელი წიგნის განმავლობაში, მოთხრობებში აღწერილი ამბების შესაბამისად ხან წყნარია, ხან მღელვარე, ხან თბილი, ხან შეყვარებული და მგრძნობიარე, ხან ერთადერთი დამპურებელი და ხანაც სიცოცხლის წამრთმევი (მაგრამ მისი ამბავი ყველა უკეთ დოდო ბასილიამ იცის, ზღვისა და ადამიანების სულის უდიდესმა მცოდნემ).

Continue reading »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.